საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, მმართველი გუნდისთვის IRI -ის კვლევებში მთავარი იმ წუხილების შესახებ ინფორმაციის მიღებაა, რომელიც საზოგადოებას აქვს.
როგორც უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა, ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ მომზადებული კვლევების შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, საზოგადოების ნდობა მმართველი გუნდის მიმართ არის მიმართული, იმისთვის, რომ მათი პრობლემების გადწყვეტა მოხდეს.
"რიცხვები საერთოდ არ გვაინტერესებს. ამ კვლევებში ჩვენთვის მთავარი იმ წუხილების შესახებ ინფორმაციის მიღებაა, რომელიც საზოგადოებას აქვს. მათ შორის, ის, რომ დასაქმების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობა არის საჭირო. მაღალი ნდობა, რომელის "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, გაცილებით დიდია, ვიდრე მეორე მდევრის. ეს ნდობა და მხარდაჭერა პასუხისმგებლობის ნიშანია. საზოგადოების ნდობა ჩვენ მიმართ არის მიმართული, იმისთვის, რომ მათი პრობლემები გადავწყვიტოთ", - აღნიშნა დეპუტატმა.
მინაშვილი არასერიოზულად მიიჩნევს კვლევის მიმართ უნდობლობის გამოცხადებას. მისი თქმით, ვინც ასეთ კრიტიკას გამოთქვამს, მათთვის საინტერესო მხოლოდ კულუარული ბრძოლები და კონსპირაციის თეორიებია.
ტელეკმპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, IRI -ის კვლევების თანახმად, კითხვაზე, "მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს?", პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ნაციონალური მოძრაობა" - 45%, "ქართული ოცნება" - 15%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 9%, ხოლო სხვა პარტიები 4%-ს ინაწილებენ.
გამოკითხვებში პოლიტიკურ ლიდერებს შორის 77%-ით მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს.