ევროსასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს სახელმწიფოს განმცხადებლისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 000 ევროს გადახდა დააკისრა.
საქმე ეხება ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42- მუხლის" მიერ მომზადებულ სარჩელს _ "გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ". გადაწყვეტილება ევროსასამართლომ გუშინ გამოაქვეყნა. სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ დარღვეულად ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-6 მუხლები (სამართლიანი სასამართლოს უფლება).
განმცხადებელი დავით გორგილაძე ჩიოდა, რომ მისი საქმე არ განიხილა კანონით დადგენილი წესით შექმნილმა სასამართლომ, რადგან საქმის განხილვა მოხდა ერთი მოსამართლისა და ორი არაიურისტი მსაჯულის მონაწილეობით. ასევე გორგილაძის მტკიცებით, პატიმრობისას არასათანადო პირობებში იმყოფებოდა.
ევროსასამართლომ იმსჯელა აღნიშნულის შესახებ და მიიჩნია, რომ საქართველოში მსაჯულთა ინსტიტუტი არ იყო კანონით გათვალისწინებული წესით შექმნილი, რადგან არ არსებობდა არაიურისტ მსაჯულთა მიერ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციის განმახორციელებელი სამართლებრივი რეგულირების ნორმა.
რადგან 2003 წლისათვის საქართველოს უკვე რატიფიცირებული ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მას აღებული ჰქონდა ვალდებულება კანონით მოეხდინა სასამართლო სისტემის იმგვარი მოწყობა, რომ არ მომხდარიყო ევროკონვენციით დაცული პრინციპების დარღვევა.
ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ გორგილაძისათვის პატიმრობის შეფარდება მოხდა არაკანონიერი სასამართლოს მიერ, რამაც მას დაურღვია ევროკონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ამ ფაქტის გამო ევროსასამართლომ მითითება მისცა საქართველოს სახელმწიფოს. გადაწყვეტილებაში მან პირდაპირ მიუთითა, რომ განმცხადებლის მოთხოვნით სასამართლო პროცესის განახლება და საქმის არსებითი განხილვა წარმოადგენს ევროსასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის გამოსწორების ყველაზე ეფექტურ და ადეკვატურ საშუალებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას ვისი საქმის განხილვაც საქართველოში აღნიშნული წესით მოხდა, შეუძლია მოითხოვოს საქმის ხელახლა არსებითი განხილვა სასამართლოს მიერ. სახელმწიფოს კი არ აქვს უფლება უარი განაცხადოს აღნიშნულ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ევროსასამართლომ აგრეთვე იმსჯელა გორგილაძის მიმართ ევროკონვენციის მე-3 მუხლის _Mწამების აკრძალვა _ შესახებ და მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ მოხდა ამ მუხლის დარღვევაც, რადგან თბილისის მე-5 საპყრობილეში, სადაც იმყოფებოდა პატიმარი გორგილაძე, საკნები სათანადოდ განიავებული, საპირფარეშო კი საკნის დანარჩენი ნაწილისაგან გამოყოფილი არ იყო, რაც განმცხადებელს არ უზრუნველყოფთა პირადი ჰიგიენის დაცვის უფლებით. განმცხადებელს უწევდა მორიგეობით ძილი; ასევე არ შეეძლო დღის რომელიმე მონაკვეთში საკნიდან გამოსვლა სხვა საქმით დაკავების ან გასეირნების მიზნით. ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველივე აღნიშნულმა განმცხადებელ გორგილაძეს მიაყენა იმგვარი ტანჯვა, რაც სცილდება სასჯელისათვის აუცილებლად თანმხვედრ ტანჯვის დონეს.
გორგილაძე 2002 წელს მამა-შვილის მკვლელობისათვის ლანჩხუთში დააპატიმრეს. 2003 წლის 21 მაისს კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ერთი მოსამართლისა და ორი არაიურისტი მსაჯულის მონაწილეობით იგი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 18 წლით აღკვეთა შეუფარდა. ამჟამად დავით გორგილაძე სასჯელს გეგუთის ნომერ მე-8 საპყრობილეში იხდის.