საქართველოს პრეზიდენტი დღეს რუსთავს ესტუმრა და კულტურისა და დასვენების პარკში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებს პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მიულოცა და რუსთავის განვითარების გეგმებზე ესაუბრა.
პრეზიდდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ რუსთავში უკვე ბევრი რამ შეიცვალა და კიდევ ბევრი პროექტი ხორციელდება, რომელთა შორის, ერთ-ერთი სწორედ ამ პარკის რეაბილიტაციაა. პრეზიდენტის თქმით, ორი წლის შემდეგ რუსთავი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქი იქნება. მიხეილ სააკაშვილი იმ ქალბატონსაც შეხვდა, რომელმაც პარკის კეთილმოწყობა პრეზიდენტს რამდენიმე თვის წინათ პირადად სთხოვა. ნათელა სხირტლაძეს ამ ინიციატივისთვის მან მადლობაც გადუხადა და აღნიშნა, რომ რეაბილიტირებული პარკი განახლებული რუსთავის სიმბოლო გახდება.
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი 30 ჰექტარზეა გაშენებული. მისი რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობა, აღდგება ინფრასტრუქტურა, გაიწმინდება ტბა და მოეწყობა შადრევნები. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება პარკში არსებულ ღია კინოთეატრსაც, დაიდგმება გრანიტი-ფოლადის, ასევე ხის სკამები და საპიკნიკე კომპლექტები; ამას გარდა, აღდგება პარკში არსებული ხიდი და სრულად შეიცვლება წყალსადენისა და სარწყავი სისტემები.
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. დასასვენებელი ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებს ესპანური კომპანია „საერთაშორისო პროექტების კომპანია" ახორციელებს, რომელიც კონკურსის შედეგად შეირჩა. რუსთავის პარკის პროექტის საერთო ღირებულება სამი მილიონი ლარია.