დღეს, 2 მაისს, ქუთაისობა აღინიშნება. პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ქუთაისელებს 2 მაისის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ დღეს ქუთაისი განახლებული ხვდება.
"მინდა შევეხო იმ რამდენიმე ობიექტს, რომლის რეაბილიტაცია ქუთაისში მიმდინარეობს. პირველ რიგში, ეს არის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია", _ განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, ქუთაისში ასევე მიმდინარეობს ახალი მოედნის მშენებლობა და ქალაქის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაცია.
"ქუთაისის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ ახალი მოედანი, რომელსაც გარკვეული თემატური დატვირთვა აქვს. ასევე მიმდინარეობს ქალაქის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში პირველადი სახე დაუბრუნდება ბევრ შენობას", _ აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, დასასრულს უახლოვდება ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოც. "დასასრულს უახლოვდება ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელიც 2012 წლის სექტემბერში დასრულდება", _ განაცხადა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.