პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ქუთაისელებს 2 მაისის დღესასწაული წინასწარ მიულოცა და აღნიშნა, რომ ქუთაისობას ქუთაისი განახლებული ხვდება.
"მინდა შევეხო იმ დღესასწაულს რომელსაც ხვალ ქუთაისი უმასპინძლებს და მივულოცო ყველა იმ ადამიანებს, ვინც ამ დღესასწაულს შეუერთდება ქუთაისში", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ ქუთაისი 2 მაისის დღესასწაულს განახლებული ხვდება.
"მინდა შევეხო იმ რამდენიმე ობიექტს რომლის რეაბილიტაცია ქუთაისში მიმდინარეობს. პირველ რიგში ეს არის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია, რომელიც ხვალ განახლებული სახით დახვდება, როგორც ქუთაისელებს ასევე იქ ჩასულ მნახველებსა და ტურისტებს", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, ქუთაისში ასევე მიმდინარეობს ახალი მოედნის მშენებლობა და ქალაქის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაცია.
"ასევე ხვალ, ქუთაისში ჩასულთ საშუალება ექნებათ მოინახულონ ახალი მოედანი, რომელსაც გარკვეული თემატური დატვირთვა აქვს. ასევე მიმდინარეობს ქალაქის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაცია რომლის ფარგლებში პირველადი სახე დაუბრუნდება ბევრ შენობას", _ აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, დასასრულს უახლოვდება ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. "დასასრულს უახლოვდება ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2012 წლის სექტემბერში დასრულდება", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.