რუსეთის რიგ ქალაქებში პროფკავშირების წარმომადგენელთა აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბელორუსის ხელმძღვანელობას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეYოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვენ.
აქციები გაიმართა მოსკოვში ბელორუსის საელჩოსთან, ასევე ქალაქებში ყაზანში, ვოლგოგრადში, ნოვოსიბირსკში, ულიანოვსკსა და ნიჟნი ნოვგოროდში.
აქციების ორგანიზატორი რუსეთის განათლებისა და კულტურის, სახელმწიფო, მუნიციპალური და არაკომერციული ორგანიზაციების, კომუნალური მეურნეობისა და ვაჭრობის სფეროს მომუშავეთა პროფკავშირები იყვნენ, რომლებიც თავის "უპირველეს ამოცანად სამხრეთ ოსეთის დახმარებასა და მისი დამოუკიდებლობის გამყარებას მიიჩნევს",_ წერს რუსული მედია.
აქციებზე შემდეგი შინაარსის ლოზუნგები იყო _ "ამაყო ბელორუსო აღიარე ამაყი სამხრეთ ოსეთი!", "ბელორუსის პარლამენტო დროა სამხრეთ ოსეთელი ძმები აღიარო!", "ბელორუსი, რუსეთი და სამხრეთ ოსეთი ერთად ძალაა!", "ძმებო ბელორუსებო მოვიდა დროა აღიაროთ სამხრეთ ოსეთი!".
აღსანიშნავია, რომ აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ბელორუსის ხელისუფლების მიმართვის შემდეგ "ისინი თავიან ყურადღებას სხვა რესპუბლიკებისკენ მიმართავენ და მათ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვენ".