არასაპარლამენტო ოპოზიცია, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ დებატებს არაადეკვატურად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან მორიგი ცინიზმი იყო.
,,ეს იყო მორიგი ცინიზმი, უპასუხისმგებლობა ხელისუფლების მხრიდან. მათ არც ერთ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი არ გაუციათ. Nნამდვილად ვერ გეტყვით, რომ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და არც ველოდი რომ ვანო მერაბიშვილი, ხათუნა კალმახელიძე, დიმიტრი შაშკინი და ნიკა რურუა ადეკვატურ პასუხებს გასცემდნენ დასმულ კითხვებზე", _ განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ზეწოლა უნდა მოახდინონ ხელისუფლებაზე.
,,მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვხდინოთ ზეგავლენა ამ ხელისუფლებაზე, როგორც ცალკეულმა დეპუტატებმა, თუ ცალკეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ეს თავგასული ხელისუფლება ცოტათი მაინც უნდა შევზღუდოთ", _ განაცხადა ვიქტორ დოლიძემ და აღნიშნა, რომ არჩევნების გზით გაისტუმრებენ სააკაშვილისა და მის გუნდს.
,,ჩვენ ვაიძულებთ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას არჩევნებამდე მივიდნენ და სწორედ არჩევნებით გავისტუმროთ", - განაცხადა დოლიძემ.