საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის განცხადებით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან ურთიერთობის შესაძლო გაწყვეტასტან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადება, რუსეთის პოზიციის გახმოვანებაა.
როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აფხაზეთი აქ არაფერ შუაშია, რადგან მთავარი ძალა რუსეთის ფედერაციაა.
,,არასერიოზულია კომენტარის გაკეთება იმ ადამიანზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან იმართება. უპირველე ყოვლისა ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთი კონსტრუქციულ ურთიერთობაზე ორიენტირებული არ არის. აფხაზეთი აქ არაფერ შუაშია, რადგან მთავარი ძალა რუსეთის ფედერაციაა და ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი განცხადებების გაკეთებაც რუსეთის დამოკიდებულებას გამოხატავს", - აღნიშნა მინაშვილმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ აუცილებელია რუსეთზე ის პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა გაგრძელდეს, რომელიც საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან ახლაც ხორციელდება.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან ურთიერთობის გაწყვეტას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან საქართველოში გერმანიის ელჩთან ორთვინ ჰენიგთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა. მისი თქმით, აფხაზეთს სურს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა არა თბილისის გავლით.