ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები, გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი ონის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ რაჭველებს პარტიის მიერ, ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად მომზადებული, მთიანი რეგიონების განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნეს, რომლის ამოქმედების მიზანსაც წარმოადგენს სოფლად და განსაკუთრებით საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის, საყოფაცხოვრებო გარემოს ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება.
ქრისტიან-დემოკრატები ამ კონცეფციის ინიცირებას საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე გეგმავენ.
შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო სხვა ადგილობრივ პრობლემებსაც. მოსახლეობის განცხადებით უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს 1991-2009 წლებში რაჭაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის, სახელმწიფოსგან ფულადი კონპენსაციების გაუცემლობა. 100-მდე ოჯახი უკვე 20 წელია ელოდება დაპირებული დახმარების მიღებას.
„სახეზეა ტიპიური სახელისუფლებო კორუფცია, რადგან ბევრ ადამიანს ვისაც არ ეკუთვნოდა სახელმწიფოსგან ფულადი კონპენსაცია მათ ის მიიღეს, ხოლო ასეულობით რეალურად დაზარალებული ოჯახი, რომელთაც გაუსაძლის პირობებში უხდებათ ცხოვრება, დღემდე ელოდება კუთვნილ დახმარებას", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა
ქდმ-ს ლიდერები მოსახლეობას დაპირდნენ, რომ ისინი მათ ხელთ არსებულ ყველა რესურს გამოიყენებენ იმისათვის, რომ მათი პრობლემები უახლოეს მომავალში იქნეს მოგვარებული.