სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ნატახტარში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრო და ახალი იტალიური ტექნიკით მიწის კულტივაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.
ახალი ტექნიკით ნიადაგის დამუშავება, უკვე მოხნულ ფართობებს სარეველებისგან სრულად ათავისუფლებს, უზრუნველყოფს ნიადაგში ღრმად არსებული ბელტების დაშლას; ხელს უწყობს მიწის გაფხვიერებას, ზედაპირის მოსწორებას და თესვისწინა პერიოდისთვის ნიადაგის სრულფასოვან დამუშავებას.
„ჩვენ უკვე შემოვიყვანეთ და რეგიონებში გავანაწილეთ 40 ერთეული კულტივატორი, დამატებით 40 ცალს უახლოეს მომავალში შევიძენთ და გავანაწილებთ. ამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა გაამარტივებს გლეხის შრომას, მნიშვნელოვნად გაზრდის მიწის ნაყოფიერებას და ხელს შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას, რაც შემოსავლების მატებას განაპირობებს", განუცხადა ზაზა გოროზიამ ჟურნალისტებს.
2012 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ადგილობრივ გლეხებსა და ფერმერებს მრავალი სიახლე შესთავაზა, თანამედროვე ტექნიკა შემოიყვანა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყო. კულტივაციის მეთოდით მიწის დამუშავებაც ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომლის დანერგვაც აუცილებელი იყო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სრულფასოვნად შესრულებისთვის.
სოფლის მეურნეობის განვითარების და ფერმერთა დახმარების პროგრამით შემოტანილი იტალიური წარმოების 40 ერთეული მიწის მთლიანი დამუშავების კულტივატორი საქართველოს ყველა რეგიონშია განაწილებული.