სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკა ისევ გრძელდება - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთს ღია აგრესიის გამოხატვის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს.
"საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთს ღია აგრესიის გამოხატვის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს. ამ მცდელობის ნაწილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე მაინც", - განაცხადა ბოკერიამ.
დიმიტრი მედვედევმა დღეს რუსული ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს ანტიპათია ქართველი ხალხის მიმართ, ხოლო საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცარიელი ადგილია და პოლიტიკური არენიდან წავა.