სახალხო დამცველი დეპუტატ აზერ სულეიმანოვის მხრიდან პარლამენტარ ჯონდი ბაღათურიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. გიორგი ტუღუშის განცხადება ომბუდსმენის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
გიორგი ტუღუშის შეფასებით, აზერ სულეიმანოვმა განსხვავებული ეთნიკური ნიშანი დამაკნინებელ, შეურაცხმყოფელ კონტექსტში წარმოაჩინა და ამ კუთხით, ოპონენტის დისკრედიტაციას შეეცადა.
"შემაშფოთებელია, რომ გამონათქვამების ავტორი საქართველოს პარლამენტის დეპუტატია, რომელსაც მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით, გამორჩეული პასუხისმგებლობა აკისრია. მიუხედევად იმისა, რომ დისკუსიის საგანი, რასაც მოჰყვა ხსენებული განცხადება, ისეთი უაღრესად სენსიტიური თემა გახლდათ, როგორიცაა ეროვნებათშორისი ურთიერთობა, დაუშვებელია ხსენებული, რომელიმე ეთნიკური ჯგუფის შეურაცხყოფისა და დაკნინების მიზეზი გახდეს. ვთვლი, რომ ყოველი ასეთი ფაქტი საფრთხეს უქმნის საქართველოს მშვიდობიან განვითარებას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ერთობას, ეწინააღმდეგება ჩვენი კონსტიტუციის სულისკვეთებასა და საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს", - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საჯარო პირებისა და პოლიტიკური ფიგურების მხრიდან გახშირდა ამ ტიპის განცხადებებისა და გამონათქვამების გამოყენების შემთხვევები.
"მინდა კიდევ ერთელ მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, ერთი მხრივ, თავი შეიკავონ ამგვარი რიტორიკისგან და მეორე მხრივ, უმკაცრესი შეფასება მისცენ ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის გამოვლინების ნებისმიერ შემთხვევას" - აცხადებს სახალხო დამცველი. .