სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ ინფორმაციას ხდის საჯაროს, რომლის გავრცელებაც სასამართლოს საქმის წარმოების მონაწილეებისათვის ზიანის მომტანი არ იქნება.
ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურის მხრიდან იმიტომ გაკეთდა, რომ მედიაში ბოლო დროს ბევრი იწერებოდა იმაზე, რომ ანქვაბზე თავდასხმასთან დაკავშირებული საქმე "დახურულია", ასევე გამოითქმებოდა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებში ჩატარებულმა დაკითხვებმა ამ სისხლის სამართლის საქმის ორი ფიგურანტის თვითმკვლელობა გამოიწვია.
ე.წ. გენპროკურატურა აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები შეიძლება საქმის გამოძიებაში პირდაპირ ჩარევად შეფასდეს.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა ტიმურ ხუტაბმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თავი სოხუმის საგამოძიებო იზოლატორში ჩამოიხრჩო. სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით დაასრულა ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა კიდევ ერთმა პიროვნებამ - აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა შს მინისტრმა ასლამბეი კჩაჩმა. კჩაჩი ასევე მილიციის გენერალი და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ვლადისლავ არძინბას დაცვის უფროსი იყო.
ე.წ. გენპროკურატურის განცხადებით, კჩაჩი "არც არასოდეს არავის დაუბარებია დაკითხვაზე ან გასაუბრებაზე და ამ საქმესთან დაკავშირებით, მას არასოდეს ჩვენება არ მიუცია".
ამასთან ერთად, აფხაზეთის ე.წ. გენპრიკურატურა აცხადებს, რომ კჩაჩის ნათესავებმა წერილობითი უარი თქვეს ასლამბეი კჩაჩის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარებაზე, ვინაიდან მათ ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ ეს თვითმკვლელობა იყო.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ დღეს აფხაზეთის ე. პარლამენტში აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორი საფარბეი მიკანბა მივიდა, რომელმაც ე.წ. დეპუტატებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე თავდასხმის საქმის გამოძიების მიმდინარეობა გააცნო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 22 თებერვალს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად ანქვაბი გადარჩა, ხოლო მისი პირადი დაცვის ორი წევრი, რემზიკ ცუგბა და თენგიზ პანდარია, მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალნენ.
ამჟამად აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების სტატუსით სულ ოთხი პიროვნებაა დაკავებული. ესენი არიან: ალხაზ ხუტაბი, რამზი ხაშიგი, მურთაზ საქანია და ანზორ ბუთბა. მათ სოხუმის ე.წ. სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.
ამ ადამიანებს ასევე ბრალად ედებათ, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის პირადი დაცვის ორი წევრის რემზიკ ცუგბასა და თენგიზ პანდარიას მკვლელობა.
ამას გარდა, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ საქმესთან დაკავშირებით, 1959 წელს დაბადებულ რუშბეი ბარციცზე ძებნა გამოაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, რუშბეი ბარციცი გუდაუთის რაიონში მდებარე გადამამუშავებელი საწარმო კომპლექსის ერთ-ერთი თანამფლობელია, რომლის დამფუძნელებლიც, სწორედ ამავე საქმეზე დაკავებული ანზორ ბუთბაა.
აღსანიშნავია, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა ტიმურ ხუტაბმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თავი სოხუმის საგამოძიებო იზოლატორში ჩამოიხრჩო.
ამასთან ერთად, სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით დაასრულა ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა კიდევ ერთმა პიროვნებამ - აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა შს მინისტრმა ასლამბეი კჩაჩმა. კჩაჩი ასევე მილიციის გენერალი და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ვლადისლავ არძინბას დაცვის უფროსი იყო.