სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია კახეთის რეგიონს ეწვია და ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში კაკლის და ნუშის სადემონსტრაციო ბაღები დაათვალიერა. მინისტრმა ნერგები თავადაც დარგო და ბაღის გაშენების პროცესში მიიღო მონაწილეობა.
9 ჰა მიწის ფართობზე ამერიკული, თურქული და ფრანგული ჯიშის კაკლის ნერგები დაირგო, რომლებიც მსხმოიარობის ადრე დაწყებით (3-4 წელი) და უხვმოსავლიანობით (1 ჰა-ზე 4-5 ტონა) გამოირჩევა. ბაღში წვეთოვანი მორწყვის სისტემაა დამონტაჟებული.
ერთ ჰექტარ ფართობზე კი - ნუშის სადემონსტრაციო ბაღი გაშენდა, სადაც 4 იტალიური, ფრანგული და ესპანური ჯიშის ნერგები დაირგო. ბაღი მსხმოიარობაში 3-4 წელიწადში შევა და მოსავლიანობა ჰექტარზე 2-3 ტონას შეადგენს. 1 ჰა მიწის ფართობზე ფართობზე 250 ძირი კაკალი და 400 ძირი ნუში ირგვება.
დღესვე, ზაზა გოროზიამ ახმეტის რაიონში მიმდინარე საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მოინახულა. ხვნა-თესვის პროცესი სოფლის მეურნეობის განვითარების და ფერმერთა დახმარების პროგრამით შემოყვანილი ტექნიკით მიმდინარეობს. ახალი ტრაქტორებით მოსახლეობას უფრო მეტი მიწის დამუშავების შესაძლებლობა აქვს, რაც მოსავლის რაოდენობას და მიღებულ შემოსავალს გაზრდის.
ახალი ტექნიკის შემოყვანა და რეგიონებში გადანაწილება 4 ეტაპად განხორციელდება. საერთო ჯამში, წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 600 ერთეული ახალი სხვადასხვა დანიშნულების და სიმძლავრის ტრაქტორი და 1200 მისაბმელი შემოვა.