ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ არასაკმარისი ძილი მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის. კვლევები ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა.
ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის 21 ჯანმრთელი მოხალისე შეირჩა. კვლევების განმავლობაში ისინი ლაბორატორიაში ცხოვრობდნენ. სამი კვირის განმავლობაში მონაწილეები ექვს საათზე ნაკლებს იძინებდნენ. გარდა ამისა, მკვლევრებმა ადამიანისათვის ჩვეულებრივი ძილი - სიმხნევის 24-საათიანი ციკლი 28 საათამდე გაზარდეს. ამის შემდეგ, ცხრა დღის განმავლობაში მეცნიერებმა აღადგინეს ციკლის ნორმალური ხანგრძლივობა.
კვლევების თანახმად, მოხალისეებში არასაკმარისმა ძილმა სისხლში შაქრის დონე გაზარდა. ამასთან, რამდენიმე მონაწილის მაჩვენებელი დიაბეტიანებისთვის დამახასიათებელ შაქრის დონეს მიუახლოვდა. აღდგენითი პერიოდის განმავლობაში მოხალისეებში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებს დაუბრუნდა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არასაკმარისი ძილის გამო მოხალისეებში საკვების მიღების შემდეგ ინსულინის გამოყოფა საშუალოდ 32 %-ით შემცირდა. დაასკვნეს, რომ უძილობის ხანგრძლივობამ შეიძლება შაქრიანი დიაბეტის განვითარება გამოიწვიოს.