დღეს, 20 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თერჯოლის მოსახლეობას შეხვდება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბაქრაძე მოსახლეობასთან შეხვედრას ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერში, კლდიაშვილის ძეგლთან, 12:30 საათზე გამართავს.
საუბარი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს შეეხება. პარლამენტის თავმჯდომარე მათ მთავრობის ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და გეგმებს გააცნობს.
ბაქრაძე ძევრულჰესში მომუშავე პერსონალს მოინახულებს და მათი მუშაობის პროცესს გაეცნობა. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ღვინის ქარხანა "ხარებასაც" ეწვევა.