დღეს, 19 აპრილს, 11:00 საათზე აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი მარნეულში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს გახსნის (მისამართი: გიორგაძის 1). ის ერთ-ერთია იმ ათი ცენტრიდან, რომელიც ამერიკის მთავრობის დაფინანსებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიხსნა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი საზოგადოებას აქტუალური საკითხების განსახილველად ხელსაყრელ ადგილს სთავაზობს. დიალოგის ხელშეწყობის პროცესი მიზნად ისახავს მოქალაქეთა სამოქალაქო აქტიურობის წახალისებასა და მეტი გამჭვირვალეობის უზრუნველყოფას. ამერიკის მთავრობამ საქართველოს ქალაქებში დემოკრატიული ჩართულობის ათი ცენტრი 5 მილიონი დოლარით დააფინანსა. ელჩ ბასის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, მარნეულის საზოგადოება განიხილავს ენობრივი ბარიერის პრობლემას, რომელიც აზერბაიჯანელ მოქალაქეებს საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვისას ექმნებათ.
დემოკრატიული ჩართულობის თითოეულ ცენტრს აქვს ბიბლიოთეკა და ინტერნეტი. ცენტრების კვალიფიციური პერსონალი საზოგადოებას თემატური ღონისძიებებისა და შეხვედრების, მათ შორის, პოლიტიკოსებთან და დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრების ორგანიზებაში დაეხმარება. საზოგადოების, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების წევრებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრით სარგებლობა შეუძლიათ უფასოდ. ყველა ცენტრში თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია ქცევის კოდექსი.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების საშუალებით, აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, უფრო აქტიურად ჩაებას დემოკრატიულ პროცესებში. ცენტრებით სარგებლობისთვის დაუკავშირდით ადგილობრივ პერსონალს, ან ეწვიეთ ვებგვერდს მისამართზე www.cce.ge. ვებგვერდის სტუმრებს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებზე საინტერესო ინფორმაციის გარდა, შეუძლიათ, იხილონ დაგეგმილი ღონისძიებების ინტერაქტიული კალენდარი, რომელიც მათ შეხვედრების დაგეგმვაში დაეხმარება.