სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ქარელის რაიონის სოფელ ბებნისში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით 1,5 ჰა-ზე გაშენებული ხეხილის სადემონსტრაციო ბაღი დაათვალიერა, სადაც ვაშლის ახალი ჯიშების გამოცდა მიმდინარეობს. ბაღში დამონტაჟებულია თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემა. აღნიშნულ მეურნეობაში ყოველწლიურად 40 ტონაზე მეტ მაღალხარისხიან ვაშლის მოსავალს იღებენ.
მინისტრი, ქარელში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესსაც დაესწრო და მშენებარე მექანიზაციის სერვისცენტრი მოინახულა, რომელშიც ლაბორატორიაც განთავსდება და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შემოწმება მოხდება. ცენტრში გლეხს ყველა საჭირო მომსახურების მიღების საშუალება ექნება.
ტექნიკის შეძენა და რეგიონებში გადანაწილება გაგრძელდება და 4 ეტაპად განხორციელდება. საერთო ჯამში წლის ბოლოს ქვეყანაში 600 ერთეული ახალი სხვადასხვა დანიშნულების და სიმძლავრის ტრაქტორი და 1200 მისაბმელი შემოვა.