ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც ბრაზილიაა, საქართველოს პოლიტიკური პარტნიორი ხდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბრაზილიაში ვიზიტის პირველ დღეს.
მისი თქმით, გარდა პოლიტიკური მნიშვნელობისა, ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობები.
"ბრაზილია დღეს გლობალური მოთამაშეა. გლობალური პოლიტიკის ნაწილია, არა მართო ლათინო ამერიკაში, არამეთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, მისი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისთვის, მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციებში არის მნიშვნელოვანი. ამიტომ პირველი ასეთი ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი სწორედ ამ კუთხით, რომ პირველი ნაბიჯები გადაიდგას საქართველოსა და ბრაზილიის დაახლოებით. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობები", - განაცხადა გილაურმა.
ნიკოლოზ გილაურის ბრაზილიაში ვიზტის ფარგლებში უკვე გაფორმდა საქართველოსა და ბრაზილიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირისპირ შეხვედრა გამართა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
შგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით ბრაზილიაში 16 აპრილს გაემგზავრა. დღეს, 17 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბრაზილიაში სამთავრობო პარტნიორობის სამიტზე - OGP - სიტყვით გამოვა. 18 აპრილს კი ნიკა გილაური ბრაზილური ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. უკვე ჩანიშნულია შეხვედრა სამპაულოს მრეწველობის ფედერაციის პრეზიდენტთან პაულო სკავისთან.