სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ პარლამენტმა "ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა" კოდექსი აუცილებლად უნდა მიიღოს.
პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ხშირად ადამიანები ადმინისტრაციულ პატიმრობაში სასამართლოს მიერ გამოტანილი შაბლონური გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ხვდებიან.
ტუღუშის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის კონკრეტულ ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად - რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული პატიმრობის პირობები უნდა მოწესრიგდეს - რეალობა უცვლელია. მისი თქმით, დღესდღეობით პრაქტიკულად არ არსებობს დროებითი მოთავსების იზოლატორი, რომელიც ხანგრძლივ (2-3 დღეზე მეტი ხნით) პატიმრობაზე არის გათვლილი.
ომბუდსმენის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ საქართველომ მალე ახალი "ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა" კოდექსი მიიღოს. მისი თქმით, კანონპროექტი ევროპის საბჭოს ექსპერტებს გადაეგზავნა.
"იმედს ვიტოვებ, პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი მაღალი სტანდარტის იქნება და არაერთ პრობლემას მოაგვარებს, რომელთა შესახებ გასულ წლებშიც ვსაუბრობდი. თუ კოდექსი უცვლელი დარჩება, შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ გაცემული რეკომენდაცია აუცილებლად უნდა შესრულდეს, რაც გულისხმობს რეგიონული პრინციპით 2 დაწესებულების აშენებას მაინც, სადაც სტანდარტები დაცული იქნება", - აღნიშნა ომბუდსმენმა.