ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველს აკრიტიკებს. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2011 წლის ანგარიშის განხილვისას განაცხადა, სახალხო დამცველის ანგარიშში პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებზე არაფერია ნათქვამი.
მისი თქმით, ომბუდსმენისგან დღესაც იგივე მოხსენება მოისმინა, რაც რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე.
"პროტესტი მინდა გამოვხატო იმის გამო, რომ სახალხო დამცველი პოლიტიკური ნიშნითა და მოტივით დაპატიმრებულებზე არავითარ განცხადებას არ აკეთებს. ასევე, თქვენს მოხსენებაში ის შენიშვნები უნდა აგესახათ, რაც საკომიტეტო მოსმენისას გამოითქვა. დღეს კი იგივე მოხსენება მოვისმინეთ, რაც რამდენიმე დღის წინ", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის განმარტებით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულის სტატუსის მინიჭება მისი უწყების კომპეტენციაში არ შედის, ხოლო ამ სტატუსით მისთვის არავის მიუმართავს. თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ პირი შესაძლოა მართლაც პოლიტიკური ნიშნით იყოს დაკავებული.
რაც შეეხება საკომიტეტო მოსმენების შემდეგ ანგარიშში ცვლილებების შეტანას, ტუღუშმა განაცხადა, რომ მოსმენების შემდეგ მან ყურადღება გაამახვილა უდანაშაულობის პრეზუმფციაზე და პარლამენტს კანონმდებლობის დახვეწის რეკომენდაციებით მიმართა.