რუსეთი ბალკანეთისა და კავკასიის მოვლენებს შორის "არაკორექტული პარალელების გავლების" კატეგორიული წინააღმდეგია.
შესაბამისი განცხადება სერბეთის პარლამენტში, ბელგრადის სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში მოხდა პირდაპირი აგრესიის მოგერიება, რაც გაეროს წესდების შესაბამისად გაკეთდა.
მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავაც გააგრძელებს კავკასიის ორი ახალგაზრდა რეგიონის მხარდაჭერას.
"რუსეთს, რა თქმა უნდა, განზრახული აქვს აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება კავკასიის ორ ახალგაზრდა რესპუბლიკას, რითაც ხელი შეუწყოს კავკასიაში სტაბილურობის განმტკიცებას", - განაცხადა მედვედევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის და სერბეთის დამოკიდებულება საერთაშორისო პრინციპების დაცვის კუთხით იდენტურია.
"რუსეთი და სერბეთი ერთი აზრის არიან საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და უნივერსალური ნორმების დაცვის აუცილებლობის გაგებაში. რეგიონალური კონფლიქტების ცალმხრივი და მით უფრო, ძალისმიერი გადაწყვეტის მიუღებლობაში", - აღნიშნა მედვედევმა.
ამასთან, მისი თქმით, ასევე მიუღებელია კოსოვოს მიმართ განხორციელებული ქმედება, როდესაც მოლაპარაკებების პროცესში პროგრესის არქონა გახდა ცალმხრივი აღიარების პრეცენდენტი.
"მიუღებლად მიმაჩნია, როგორც ეს გაკეთდა კოსოვოს პრეცენდენტისას მოლაპარაკებებზე პროგრესის არარსებობის გამპოყენება ცამხრივი აქციის საბაბად. კოსოვოს დარეგულირების ბაზა უნდა იყოს საერთაშორისო სამართალი, გაეროსა და უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები", - დასძინა მან.