საქართველოს სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის შეფასებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა შემაშფოთებელია. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე 2011 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, 2011 წელს საპატიმროებში 140 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა გარკვეულ ნაწილს სხეულზე სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნება. ტუღუშის განცხადებით, შესაძლოა ეს არასათანადო მოპყრობის შედეგი იყოს.
ომბუდსმენის ინფორმაციით, 2011 წელს გარდაცვლილ პატიმართაგან 31 პროცენტის დაღუპვის მიზეზი ტუბერკულოზი იყო, სულ საპატიმროებში ამ დაავადების 1651 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 924 შემთხვევა წლის პირველ, ხოლო 727 მეორე ნახევარზე მოდის.
გიორგი ტუღუშის 645 გვერდიან მოხსენებას, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა, იურიდიულ საკითხთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.