დავით გამყრელიძე "ქართული სოფლისთვის" ახალი მემარჯვენეების ფართომასშტაბიანი აქციის ფარგლებში ბაღდათის რაიონის სოფლებში შეხვედრებს განაგრძობს.
დიმისა და ნერგეთის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გამყრელიძემ განაცხადა, რომ მიუხედავად დათბობისა მოსახლეობა მიწის დამუშავებას ვერ იწყებს.
"საგაზაფხულო სამუშაოს წინ ხელისუფლებამ გლეხები უამრავი პრობლემის წინაშე მარტო დატოვა. საწვავი, სასუქი, ტრაქტორი, შხამ-ქიმიკატი - ის გადაულახავი წინააღმდეგობაა, რის გამოც წლიდან წლამდე მიწის დამუშავება და მოსავლის აღება რთულდება. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ გასულ წელს ბარდათის რაიონში ბევრად ნაკლები სასოფლო-სამეურნეო სავარგულები იქნა დამუშავებული, ვიდრე წინა წელს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ ნატესების და ვენახების რაოდენობა დაახლოებით სამჯერ შემცირდა. ვშიშობ, ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდება", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, საწვავის ფასის სისტემატური მატება მეურნისთვის ისეთი პრობლემა გახდა, რომელსაც ხელისუფლების ჩარევა და საგანგებო ზომების მიღება სჭირდება.