"ქართული ეკიპაჟის წევრების ეროვნებას არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა, ამიტომაც ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გემზე მყოფი მეზღვაურები ტყვეები იყვნენ და ისინი გაათავისუფლეს - ეს სრული აბსურდია და საერთაშორისო სამართლისადმი უპატივცემულობის გამოხარულება", _ ნათქვამია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე განცხადების მიხედვით, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ "კეთილი ნება გამოიჩინა და ქართველი მეზღვაურების გადაცემის პროცესის ორგანიზება მოახდინა".
"საქმე იმაშია, რომ ეს მეზღვაურები აფხაზეთის იურისდიქციის გარეთ იმყოფებოდნენ, ვინაიდან გემი აფხაზეთს არ ეკუთვნოდა და მას ექსტერიტორიალური თვისება გააჩნდა. ამიტომაც, გემიდან მეზღვაურების მოხსნის პროცესის განსახორციელებლად და მათ საზღვრამდე მისაყვანად საჭირო იყო გარკვეული საერთაშორისო სამართლის პროცედურის დაცვა, უპირველეს ყოვლისა და მეზღვაურების ოფიციალური თანხმობის მიღება და გემისათვის სათადარიგო ეკიპაჟის პოვნა", _ ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გემი სოხუმის სანაპიროსთან 9 თვეზე მეტხანს იმყოფებოდა, მისი თურქი მფლობელი კი მეზღვაურებისათვის ვალის დაბრუნებას არ ჩქარობდა.
"მთელი ამ დროის განმავლობაში მეზღვაურები გემზე რჩებოდნენ აფხაზეთის ხელისუფლება კი მათ ყველანაირად ეხმარებოდა. ამ სიტუაციას ასევე თვალყურს ადევნებდა საერთაშორისო წითელი ჯვარი.
ახლახანს მომხდარი შტორმის შედეგად გემი სოხუმის პორტიდან შორს აღმოჩნდა, მეზღვაურებს ეწურებოდათ წყლის მარაგიც. ამ პირობებში აფხაზეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მათ დახმარებოდა.
ეკიპაჟმა წითელი ჯვრის წარმომადგენლების თანდასწრებით წერილობითი თანხმობა განაცხადა გემის დატოვებაზე, მათ ასევე წერილობით დაადასტურეს რომ მათზე არავიტარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია", _ ნათქვამია განცხადებაში.
.
აფხაზური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ შექმნილი სიტუაცია მხოლოდ და მხოლოდ კომერციული ხასიათისაა და გემის დაკავებაც მხოლოდ კომერციული მიზეზებით მოხდა. ამას, კი მათი ინფორმაციით, არავითარი კავშირი არა აქვს ეკიპაჟის წევრების ეროვნებასთან.
"თუმცა თბილისის ხელისუფლებას, როგორც ჩანს ყველაფრიდან ფიარის კეთება უყვარს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია და მისი ამალა, რომელიც ენგურის ხიდზე მეზღვაურებს დახვდნენ ყველზე ცოტა ყურადღებას მეზღვაურებს უთმობდნენ და კამერებთან "ხმამაღალ" განცხადებებს აკეთებდნენ", _ ნათქვამია განცხადებაში.