დღეს, 31 მარტს, 11:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე იმერეთის რეგიონს ეწვევიან და წყალტუბოს მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას პირადად გააცნობენ. მინისტრები ადგილობრივი ფერმერის, კახა ფხაკაძის ოჯახს ესტუმრებიან და მის სასათბურე მეურნეობას დაათვალიერებენ. 3000 კვ. მეტრი ფართობის სათბურში მეწარმეს პომიდორი და მწვანილი მოჰყავს.
დღემდე ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს იმპორტირებულთან კონკურენცია უჭირდა, რადგან ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციისთვის 18%-იანი დღგ-ის გადახდა იყო საჭირო. ეს იმპორტირებულ პროდუქციას უფრო მომგებიანს ხდიდა. ამ ცვლილებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების მატების ტენდენცია შეჩერდება და ზოგ შემთხვევაში კი - შემცირდება.
"საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებების მიხედვით, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) დღგ-ისგან თავისუფლდება. დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება ასევე ქვეყანაში წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი ან გაციებული ხორცის მიწოდება.