რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ოზურგეთის ცენტარლური მოედნის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგინეს.
ოზურგეთში ქალაქის ცენტრალური ნაწილის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეკონსტრუქცია უტარდება "თეატრალური მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სკვერს, განახლდება შენობების ფასადები, "ჭადრების ბაღში" მოეწყობა კაფე. განხორციელდება რუსთაველის ქუჩის ტროტუარებისა და თეატრალური მოედნის სრული რეაბილიტაცია.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის პროცესში მშენებლებმა უძველესი აბანოს ნაშთებს მიაკვლიეს. უკვე დაგეგმილა ახალი აღმოჩენის დეტალური შესწავლა, რომლის შედეგად ძველი აბანოს დათარიღება ზუსტად გახდება შესაძლებელი. თანამედროვე არქიტექტურული შენობების მშენებლობისას გამოვლენილი ისტორიული მემკვიდრეობა - მიწისქვეშა ძეგლები თუ არტეფაქტები სახელმწიფოს მიერ დაცული და შენარჩუნებული იქნება. უძველესი აბანოს გადარჩენა კიდევ ერთი პროექტი იქნება, რომელიც ქვეყნის განვითარების პროცესში ახლად გამოვლენილი სიძველეების დაცვას და პოპულარიზაციას გულისხმობს.
გურიაში ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე ახლად გამოვლენლი არქეოლოგიური ძეგლის განვითარების კონცეფციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი და რეგიონული განვითარების მინისტრი ექსპერტთა რეკომენდაციების საფუძველზე, ერთობლივად განიხილავენ და ძეგლის დაცვისა და გადარჩენის პროექტს ორი უწყება ერთად განახორციელებს.
ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე შენობა-ნაგებობების სკვერისა და ახალი ინფასტრუქტურის შექმნის პარალელურად ძველი აბანო ახალი ინტერპრეტაციით - ღია მუზეუმის სახით იქნება წარმოდგენილი და ოზურგეთის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა გახდება.