მოსკოვის ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკონომიკა უკიდურესად სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობები კვლავ დანგრეულია. ფასები უკონტროლო იზრდება. დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულ ნიშნულს უახლოვდება. სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს. განუზომლად დიდია უმუშევრობის დონე. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"სამხრთ ოსეთის ეკონომიკას სერიოზული გარღვევა სჭირდება, ვინაიდან იგი ამჟამად უკიდურესად სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. აღდგენითი სამუშაოები რესპუბლიკაში ცუდად მიმდინარეობს. მთელი ცხინვალო გადათხრილია. ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობები კვლავ დანგრეულია.
ეკონომიკური მდგომარეობა სავალალოა: სხვა და სხვა მონაცემებით სამომხმარებლო კალათის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 8 ათას რუსულ რუბლს (270 აშშ დოლარი), იმ დროს როდესაც საშუალოსტატისტიკური ხელფასი 5 ათას რუსულ რუბლს (170 აშშ დოლარი) შეადგენს", _ იუწყება მოსკოვის ადამიანის უფლებათა დაცვის ბიურო.
მათივე ინფორმაციით, საბიუჯეტო სფეროს მაღალჩინოსნებისა და რიგითი თანამშრომლების საშუალო წლიურ ხელფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია.
"სამომხმარებლო ბაზარზე ფიქსირდება ფასების უკონტროლო ზრდა. ამასთან ერთად ბავშვებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დახმარება 73 რუსულ რუბლს (2.5 აშშ დოლარი) შეადგენს. ასევე ძალიან დაბალია პენსია.
საგანგაშოა სიტუაცია დემოგრატიულ საკითხში. სპეციალისტების განცხადებით იგი კატასტროფულ ნიშნულს უახლოვდება. ე.წ. სამხრეთ ოსეთში ფაქტობრივად არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა მოსახლეობის რაოდენობის შესახებ.
არ არსებობს ასევე სტატისტიკა შობადობისა და გარდაცვალების შესახებ. არ ხდება შესწავლა მოსახლეობის შემადგენლობისა, რაც შეუძლებელს ხდის ყოველგვარ სტრატეგიულ, ეკონომიკურ და სპციალურ დაგეგმარებას.
ამასთან ერთად, არსებობს ასევე მონაცემები იმის შესახებ, რომ სიკვდილიანობა რესპუბლიკაში ბევრად აჭარბებს შობადობას. მაღალ სიკვდილიანობას კი ბოლო წლებში არსებული არა მხოლოდ ნერვულ-ფსიქოლოგიური სტრესები განაპირობებს არამედ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების უზომოდ დიდი რაოდენობით მოხმარება", _ ნათქვამია მოსკოვის ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს განცხადებაში.
ამას გარდა, მათივე ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში განუზომლად დიდია უმუშევრობის დონე. არც მიგრაციის აღრიცხვიანობა მიმდინარეობს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.
"რესპუბლიკის აღდგენისათვის ალბათ საჭიროა თანხების გამოყოფა მეგობრულად განწყობილი რუსეთის ფედერაციის მიერ", _ მიიჩნევს ბიურო და იქვე აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული დახმარების აღრიცხვის გარეშე "რესპუბლიკაში" გაგზავნილია დახლოებით 43 მილიარდი რუსული რუბლი.
"რესპუბლიკისათვის, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 36 ათას ადამიანს შეადგენს ეს ძალიან დიდი თანხაა, თუმცა გამოყოფილ ფულს გამუდმებით თან სდევდა მოსკოვისა და ცხინვალის ურთიერთბრალდებები კორუფციაში.
მაგალითად, 14 მარტს ჩატარებული სამხრეთ ოსეთის უშიშროების სხდომაზე გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ უკვალოდაა გამქრალი 800 მილიონი რუბლი, რომელივ "რესპუბლიკაში" რუსეთის ფინანსური დახმარების ხაზით შევიდა.
ამასთან ერთად, რუსული, ჩეჩნური, ჩრდილო ოსური და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ფირმები, რომლებმაც თავის თავზე აიღეს ცხინვალის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, ისე რომ მუშაობა არც კი დაუწყიათ საბიუჯეტო თანხებთან ერთად აორთქლდნენ. რესპუბლიკაში გამუდმებით ხდება კონფლიქტი ჩინოვნიკებსა და მეწარმეებს შორის, ისინი ერთმანეთს კორუფციაში ადანაშაულებენ და ეს მხოლოდ პატარა ნაწილია იმ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა, რომლებიც ფაქტიურად ახჩობენ "რესპუბლიკას", _ იუწყება მოსკოვის ადამიანის უფლებათა დაცვის ბიურო.