რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ომი იწყება. ექსპერტები აცხადებენ, რომ ვითარების დაძაბვას, ისევე, როგორც საქართველოს, მოლდოვის, პოლონეთისა და ევროკავშირის შემთხვევაში, საბაბად პოლიტიკა უდევს.
გასულ კვირას "როსსელხოზნადზორმა" აზერბაიჯანი რიგი პროდუქციის შეტანის, შესაძლო, აკრძალვის თაობაზე გააფრთხილა. უყრადღება გამახვილდა თხილზე და სხვადასხვა სახის მშრალ ხილზე (ჩირზე).
"ჯერ-ჯერობით საუბარი არ არის სრულ აკრძალვაზე. თუმცა ეს სერიოზული გაფრთხილებაა და მას ყურს თუ არ დაუგდებენ, ჩვენ შეგვიძლია სრულად ავკრძალოთ მშრალი ხილის შემოტანა", - განაცხადა როსსელხოზნადზორის პრესმდივანმა ალექსეი ალექსეენკომ.
მისივე თქმით, რუსეთს არ სურს აზერბაიჯანიდან ნაგავის შეტანა, რადგან ამ პროდუქციაში, შესაძლოა, იყოს სოფლის მეურნეობისთვის საშიში სხვადასხვა მწერები, პარაზიტები და ა.შ.
აზერბაიჯანული მედია ყურადღებას ამახვილებს "როსსელხოზნადზორის" ფიტოსანიტარული კონტროლის კარანტინის განყოფილების უფროსის მარინა მურსალოვას კომენტარზე.
"ჩვენ მივიღეთ რამდენიმე წერილი "როსსელხოზნადზორის" აპარატიდან მოთხოვნით გავაძლიეროთ კონტროლი აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან და თურქმენეთიდან შემოტანილ კარანტის დაქვემდებარებულ პროდუქციაზე", - აცხადებს მარინა მურსალოვა და დასძენს,- "აღვნიშნნავ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ არცერთხელ არ გამოვლენილა მავნე კარანტინული ორგანიზმები მშრალ ხილში, რომელიც აზერბაიჯანიდან დაღესტანის ტერიტორიაზე შემოდის".
თავად აზერბაიჯანული მხარე გაკვირვებას გამოთქვამს რუსული მხარის პოზიციით. აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე ალედინ ეივაზოვი აცხადებს, რომ რუსეთის ბრალდებები მათთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.
"როსსელხოზნადზორის" ბრალდებები აზერბაიჯანის მიისამართით აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ამჟამად ჩვენ ვამზადებთ საპასუხო წერილს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით", - აცხადებს ეივაზოვი.
აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ ამ საკითხის მიღმა ადვილად იკითხება ჩრდილოელი მეზობლის პოლიტიკური ინტერესები, კერძოდ - ის ეხება გაბალის რადიოლოკაციური სადგურს. ამ ყველაფრის პარალელურად რუსეთის ფედერალურ არხებზე აქტიურად ტრიალებს "მოსკოვის ბაზრებზე აზერბაიჯანული მაფიის თემა".
"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ქმედებებით ოფიციალურ ბაქოს მიანიშნებენ, რომ რადიოლოკაციურ სადგურის საკითხზე მოლაპარაკებებში ის მოსკოვთან რბილი პოზიციიით უნდა წარმოჩნდეს", - წერს აზერბაიჯანული მედია.