"ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მოვიწვევთ საერთაშორისო ექსპერტებს და მხარეთა ექსპერტებს და საინფორმაციო სესიას გავმართავთ, რომელზეც ვიმსჯელებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართებაში ტერმინ "ოკუპირებული ტერიტორიების" გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ", _ ეს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ოს სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელმნა ბორის ჩოჩიევმა გააკეთა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარისა და თითქმის ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის წინააღმდეგობა ამ საკითხის განხილვასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე იყო, აფხაზურმა და ოსურმა დელეგაციებმა ამ საკითხის განსახილვის შესაძლებლობის დადებითად გადაწყვეტა მაინც შეძლეს.
ამასთან ერთად, ჟენევაში ბორის ჩოჩიევმა ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე აშშ-ს წარმომადგენელს მიმართა და განუცხადა: "თქვენ ჩვენ ვიზებს არ გვაძლევთ და არ გვაძლევთ შესაძლებლობას აშშ-ში ჩამოვიდეთ და ამ ტერმინის მიზანშეწონილობა გავაპროტესტოთ, მაშინ, მოიწვიეთ თქვენი ექსპერტები აქ და დაე მათ დაგვარწმუნონ, რომ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული ტერიტორიაა", _ განუცხადა ჩოჩიევმა აშშ-ს წარმომადგენელს და აღნიშნა: "მე მოლაპარაკებებზე განვაცხადე, რომ სამხრეთ ოსეთი მართლაც იყო ოკუპირებული, მაგრამ იყო ოკუპორებული საქართველოს მიერ და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია 2008 წლის აგვისტოში მოხდა", _ აცხადებს ჩოჩიევი.
ამასთან ერთად, ბორის ჩოჩიევს ასევე მოჰყავს ჟენევაში ქართული დელეგაციის წევრის დიმიტრი სანაკოევის განცხადება, მას შემდეგ რაც ტერმინ "ოკუპირებული ტერიტორიების" განხილვის საკითხი გადაწყდა: "რად მინდა მე საერთაშორისო ექსპერტების მოსმენა? რა შეუძლიათ მათ მე მითხრან? ოფიციალურად ვაცხადებ, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ეს საქართველოს ტერიტორიებია, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ", _ განუცხადა სანაკოევმა ჩოჩიევს.