დღეს, 30 მარტს, 12:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძესთან ერთად ბოლნისის რაიონში კაზრეთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის და მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოს დაათვალიერებს.
31 კმ-იანი კაზრეთის მაგისტრალური სარწყავი არხის რეაბილიტაციის შემდეგ, დამატებით გასარწყავდება 2600 ჰა ფართობი, რაც 15 სოფელს (დიდი დმანისი, ბალიკი, კაზრეთი, კიანეთი, ჯავშნიანი, ქვეში, აკაურცა, რატევანი, მუშევანი, საბერძნეთი, მზიანეთი, ხატისოფელი, რაჭისუბანი, ჭაპალა, ტალავერი) მოიცავს. კაზრეთის სარწყავი არხი 7000-მდე ბენეფიციარს ხარისხიანი მოსავლის მიღების საშუალებას და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.
არხის მონახულების შემდეგ, გოროზია ბოლნისში მექანიზაციის ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნობა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მექანიზაციის სერვისცენტრები გლეხებისა და მცირე ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე და სამანქანო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას.