თელავის ისტორიულ მუზეუმში დაცული 65 000-მდე ექსპონატი, გალერეაში არსებული შედევრები და ბატონის ციხეში დაცული ნივთები თელავის პირველი საჯარო სკოლის სარდაფსა და სააქტო დარბაზში გადაიტანეს.
მუზეუმის დირექტორის გურამ ურჩუხიშვილის თქმით, მუზეუმის ტერიტორიაზე მდგარი ყოფილი პედაგოგიური ინსტიტუტის შენობის დემონტაჟი და სამუზეუმი კომპლექსში შემავალი შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება.
„65 000-მდე ექსპონატი, რომელიც ყოფილი პედაგოგიური ინსტიტუტის შენობაში იყო დაცული, პირველი საჯარო სკოლის სარდაფსა და სააქტო დარბაზში განთავსდა. იქ აბსოლუტურად ყველანაირი პირობაა შექმნილი ექსპონატების შესანახად. სკოლა ახლახანს გარემონტდა, დარბაზსა და სარდაფში გათბობა არის, ფანჯრებს გისოსები აქვს, ექსპონატების უსაფრთხოებას სამივე სახის სიგნალიზაცია და ცოცხალი ძალა იცავს. ექსპონატებს შორის არის ხის, ლითონის, ქსოვილის, კერამიკის ნაკეთობები და ძვირფასი ლითონები. სკოლის შენობაში ექსპონატებთან ერთად ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეაში არსებული შედევრები და ბატონის სასახლეში დაცული ნივთებიც გადავიტანეთ. ახლა მხოლოდ ინვენტარიღა დაგვრჩა გამოსატანი, რომელიც გამგეობის შენობის მეორე სართულზე, სააქტო დარბაზის ფოიეში შეინახება. მუზეუმის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოებიც როგორც ვიცი უკვე დამთავრდა და ღირებული არაფერია ნაპოვნი. ახლა უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ხელს აღარაფერი უშლის. ამიტომ, ძალიან მალე ყოფილი სასწავლებლის შენობის დემონტაჟი და ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება",- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურამ ურჩუხიშვილმა.