დღეს, 28 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა "აღმოაჩინე უცნობი ქუთაისი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ პირთა ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი აქამდე უცნობი დეტალები. ღონისძიების მიზანია ქალაქის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაცია.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქუთაისის ცხოვრება, როდესაც ქალაქმა ევროპული იერსახის მიღება დაიწყო. პეტრე-პავლე კოკოჩაშვილმა გახსნა პირველი აფთიაქი, სადაც სააფთიაქო შეგირდმა მიტროფანე ლაღიძემ ხილეული ტკბილი წყლების შესაქმნელად ცდების ჩატარება დაიწყო.
"ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ მიტროფანე ლაღიძემ ქუთაისში პირველი ელექტროსადგური გახსნა, რომელიც რიონჰესის ექსპლუატაციაში გაშვებამდე ანათებდა ქალაქს. ამავე პერიოდში ქუთაისში დავით ბოლქვაძის ლიქიორ-კონიაკის ქარხანა ამუშავდა. ქალაქის ქუჩები ცნობილი შამპანისტის ფილიპე ჭელიძის საწარმოს სარეკლამო აბრებით მოიფინა. დასავლეთ საქართველოში ხე-ტყის წარმოების მაგნატმა და დიდმა მეცენატმა რაჟდენ დათეშიძემ გალაკტიონის პირველი კრებული გამოსცა და პირველი ქართული მხატვრული ფილმის გადაღება დააფინანსა. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ პიროვნებებისა, რომელთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალებს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში იხილავს დამთვალიერებელი", - აცხადებენ ღონისძიების პრგანიზატორები.
გამოფენაზე წარმოდგენილ ექსპონატთა შორის იქნება ქუთაისის ეროვნულ მუზეუმსა და არქივში დაცული აქამდე გამოუქვეყნებელი მასალაც. გამოფენის ორგანიზატორები არიან ქუთაისის მერია და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.