კახეთში ხანძრის შემთხვევები გახშირდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული სტატისტიკური მონაცემებით, 1-დან 26 მარტამდე, კახეთში ხანძრის 705 შემთხვევა რეგისტრირებული.
ამ პერიოდში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხანძრის 202 შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს, გურჯაანის სამაშველო-სახანძრო სამსახურის უფროსმა ზაზა უტიაშვილმა განუცხადა, ხანძარი ძირითადად მოსახლეობის დაუდევრობით იყო გაჩენილი.
ხანძრის 94 შემთხვევა იყო თელავის რაიონში. სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტის ვაჟა მთვარელიშვილის თქმით, გუშინ ხანძრის 8 შემთხვევა დაფიქსირდა. ხანძრის შედეგად სოფელ კონდოლში ვახტანგ ბახსოლიანის კუთვნილი 30 ჰექტარი ვენახი დაიწვა. „ცეცხლი წალამს წაუკიდეს და ხანძარი იქიდან გავრცელდა. იყალთოში კი სერიკო ბაზერაშვილის 0,25 ჰექტარი ვენახი, ნასამხრალში ნოდარ ჩუბინაშვილის ნახევარი ჰექტარი ვენახი დაიწვა", - აღნიშნა მთვარელიშვილმა.
ლაგოდეხის რაიონში ხანძრის 80 შემთხვევაა რეგისტრირებული. „ხეჩილის ტყეში 1 ჰექტარი ფართობი დაიწვა, ორწლიანი ნაზარდი განადგურდა, დიდი ხეები გადავარჩინეთ", - აღნიშნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა მერაბ შათირიშვილმა.
ხანძრის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ყვარლის რაიონში, 90 - ახმეტაში, 70- საგარეჯოში, 53 - სიღნაღში. ყველაზე მცირე რაოდენობით, ხანძრის 16 შემთხვევა დედოფლისწყაროს რაიონშია რეგისტრირებული.
„ჩვენ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ვატარებთ. მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ დასუფთავების წინ, ნაკვეთის გარშემო ხნული გაავლონ, რომ ხანძარი არ გადავიდეს. ასეც აკეთებენ", - განაცხადა დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველოს სამსახურის უფროსმა ლევან გოზალიშვილმა.