ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" კანდიდატმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ელჩმა" რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს აღიარებს, რომელთა მიხედვითაც მან მესამე ადგილი დაიკავა.
"ვხელმძღვანელობ რა სამხრეთ ოსეთისა და მისი ხალხის ინტერესებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს ვაღიარებ. ამასთან ერთად მეორე ტურში გასულ დავიდ სანაკოევსა და ლეონიდ ტიბილოვს წარმატებას ვუსურვებ", _ აცხადებს მედოევი და აღნიშნავს, რომ იგი "თავისი მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს და დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდება".
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში გუშინ ჩატარებული ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად "გამარჯვებული" ვერ გამოვლინდა და ე.წ. არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების ყოფილმა ხელმძღვანელმა ლეონიდ თიბილოვმა არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 42,48 % მოაგროვა, ე.წ. ადამიანის უფლებათა დამცველმა დავიდ სანაკოევმა კი ხმათა 24,58 %.
არჩევნების ე.წ. მეორე ტური 8 აპრილს გაიმართება. არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებისათვის ე.წ. კანდიდატებს ხმათა 50% + 1 ხმა უნდა მიეღოთ.
ე.წ. არჩევნებში ასევე მონაწილეობდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ელჩი" რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი და კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი.