უნგრეთის პარლამენტმა ბავშვთა დაცვის შესახებ 2021 წელს მიღებულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა და კანონმდებლობიდან ამოიღო დებულებები, რომლებიც ლგბტქ+ ადამიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავდა. ცვლილებები ვიქტორ ორბანის მთავრობის დროს მიღებულ კანონს ეხება. ამის შესახებ BBC იუწყება.
კანონპროექტს 139-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 51 კი წინააღმდეგი იყო. ეს პეტერ მადიარის მთავრობის მიერ ლგბტქ+ ადამიანების უფლებების შემზღუდველი, ორბანის მმართველობის დროინდელი პოლიტიკის შეცვლის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
2021 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესის“ მიერ პარლამენტში უმრავლესობით მიღებული ბავშვთა დაცვის კანონი კრძალავდა „ჰომოსექსუალობის ან ტრანსგენდერობის ჩვენებას ან პოპულარიზაციას“.
ბავშვთა დაცვის წესები მიმართული იქნება ისეთი მასალის წინააღმდეგ, რომელმაც შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, ინტელექტუალურ, ემოციურ ან მორალურ განვითარებას.
ევროკავშირი და უფლებადამცველი ორგანიზაციები ორბანის მთავრობის მიერ მიღებულ შეზღუდვებს აკრიტიკებდნენ. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ზომები ევროკავშირის სამართალს არღვევდა და ლგბტქ+ ადამიანების სტიგმატიზაციას უწყობდა ხელს.
უფლებადამცველი ორგანიზაციები ცვლილებებს დადებით ნაბიჯად აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ უნგრეთის კანონმდებლობაში ლგბტქ+ ადამიანების უფლებების შემზღუდველი სხვა დებულებებიც კვლავ ძალაში რჩება.