ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცესკო მოქალაქეებს 25 მარტს დაგეგმილ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს. აღნიშნული მოწოდება ე.წ. ცესკოს ხელმძღვანელმა ბელა ფლიევამ ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში "პრეზიდენტის" თანამდებობაზე კენჭს ოთხი კანდიდატი იყრის. ესენი არიან: ე.წ. უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ ტიბილოვი, ე.წ, ადამიანის უფლებათა დამცველი დავიდ სანაკოევი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ელჩი" რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი და კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი.
ბელა ფლიევას ინფორმაციით, ყველა ე.წ. საარჩევნო უბანი არჩევნებისათვის უკვე მზადაა. სულ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ფლიევას ინფორმაციით, 84 ე.წ. საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ორი სოფელ რუკში "ჩრდილოეთ ოსეთში მაცხოვრებელი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისათვის" და ერთიც - მოსკოვში.
სულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ამომრჩეველთა სიაში შეტანილა 34 360 ამომრჩეველი და დამზადებულია 40 ათასი ბიულეტენი.
ოს სეპარატისტთა ინფორმაციით, დღეისათვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ცესკოში" 40 დამკვირვებელზე მეტს ელიან - თითქმის ყველა მათგანი რუსეთის ფედერაციიდანაა. ე.წ. არჩევნების დღეს საინფორმაციო ცენტრი მუშაობას 09:00 საათზე დაიწყებს. ე.წ. არჩევნები შემდგარად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა 50 % და + 1 ხმა მიიღებს.