ხვალ, 15 იანვარს, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება _ გათავისუფლდნენ საქართველოს ციხეებში მყოფი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია ცხინვალის ცენტრში გაიმართება და მისი ორგანიზატორები არიან _ "საქართველოს ციხეებში მყოფი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ნათესავები, უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების ნათესავები და საქართველოს სპეცსამსახურების მიერ გატაცებული ადამიანების ნათესავები".
ოსური მხარის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმონ საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ადამიანების გატაცება და მათ სახელმწიფოებრივი ტერორიზმის კვალიფიკაცია მისცენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას და ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე, რაც დაკავებულების გათავისუფლებას შეუწყობს ხელს. საპროტესტო აქციის დროს ასევე იგეგმება ევროკავშირის პრეზიდენტს გერმან ვან რომპეი გადასცენ წერილი, რომელშიც საპროტესტო აქციის მონაწილეოთა მოთხოვნები იქნება ჩამოყალიბებული.
ოსური მხარე ასევე იუწყება, რომ ანალოგიური აქციები გაიმართება ბრიუსელში, ბერლინში და მოსკოვში.