შირაქში, ელდარისა და სამუხის ზამთრის საძოვრებზე მკაცრი ზამთრის გამო ცხვარი დაიხოცა. როგორც მწყემსებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ზარალი 25%-ს აღწევს.
„ცუდი ზამთარი გვქონდა, ტემპერატურა -15 გრადუსამდე დაეცა. ყინვები დოლის პერიოდს დაემთხვა და ბატკანიც და ცხვარიც დაგვეხოცა. ზარალი 25%-ს აღწევს. დანარჩენი ცხვარიც დასუსტებულია. ასე იქნება, ვიდრე მწვანე ბალახი არ მოვა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ კასრისწყლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ზაზა გოჩილაიძემ.
მისივე თქმით, თუშურ ცხვარში დოლი 10 თებერვლიდან დაიწყო. „დაახლოებით 35 000 დედა ცხვარი იყო და ამდენსავე ნამატს ველოდებოდით, მაგრამ თოვლი მალევე მოვიდა შირაქისა და სამუხის საძოვრებზე. ვიდრე 20 სანტიმეტრზე იდო, ცხვარი ჩლიქით მაინც პოულობდა ბალახს, მაგრამ დიდი თოვლისა და ყინვების შემდეგ ბატკანსაც და დედა ცხვარსაც ძალიან გაუჭირდა. ქარები იყო, ხორბლის ნათესებს გლეჯდა და სხვაგან გადაჰქონდა. ცხვარი ვერც ამ ქარს უძლებდა. მგლების შემოსევებიც გვქონდა, ხროვა ფარაში შევარდებოდა და ცხვარ-ბატკანს იტაცებდა. მგლებმა ძროხებიც შეჭამეს. ბატკნებს მელიები და ტურებიც იპარავენ", - აღნიშნა გოჩილაიძემ.