ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის საარჩევნო პროცესისთვის ბოიკოტის გამოცხადება ისევ ოპოზიციას დააზარალებს. ამის შესახებ განცხადება ვეფხვაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ცესკოში მყოფი 6 ოპოზიციური პარტიიდან ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესს სამი წევრი უკვე ბოიკოტს უცხადებს.
ვეფხვაძის თქმით, ბოიკოტის გამოცხადება არის ყველაზე მარტივი გამოსავცალი.
"ასეთი დამოკიდებულება ისევ ოპოზიციის მხარდამჭერებში გააჩენს უნდონლობის განცდას და საბოლოო ჯამში ოპოზიციისთვის აღმოჩნდება უარესი შედეგის მომტანი", _ აცხადებს იგი.
ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კანდიდატებთან უნდა აწარმოონ ღია მოლაპარაკება, რათა რაც შეიძლება მეტ დათმობაზე წამოიყვანონ ოპოზიციის სასარგებლოდ.
"შექმნილ ვითარებაში ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი, ვინაიდან ხელისუფლება ამ კანდიდატებიდან ერთ-ერთს მაინც დაამტკიცებს და ოპოზიცია უნდა ეცადოს, რომ ამ სამიდან მისთვის ყველაზე სასურველის დამტკიცება მოხდეს. ასეთივე პოზიცია აქვს ცესკოში მყოფი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის "ჩვენ თვითონ" ლიდერს, პაატა დავითაიასაც, რომელიც მიიჩნევს, რომ ბოიკოტის გამოცხადება ისევ ხელისუფლებისთვის იქნება სასარგებლო და ოპოზიციამ არსებული ვითარება თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს.