სტიქია აჭარის მაღალმთიანეთში - დიდთოვლობის გამო შუახევში, სოფელ პაპოშვილებში ექვს ჰექტარ ტერიტორიაზე მიწის მასა ჩამოიშალა, რომელმაც მდინარე ჩირუხისწყალი გადაკეტა.
მეწყერმა სოფლის სასაფლაოს ნაწილიც წაიღო. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც ჩამოწოლილი მიწის მასისგან სოფლის გზას ათავისუფლებს.
სტიქიას ამ დრომდე ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, ექვს ოჯახს საფრთხე ემუქრება.
სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, რაიონის გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ. რისკის ზონაში მცხოვრებ ოჯახებს გამგეობა დროებით თავშესაფარს გამოუყოფს.