ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მე-10 კლასის მოსწავლე გოგონა გაიტაცეს. ოჯახის წევრები მას უკვე ოთხი დღეა უშედეგოდ ეძებენ. გოგონას მშობლებმა 5 მარტს, განცხადებით პოლიციასაც მიმართეს, მაგრამ შვილი ამ დრომდე ვერ იპოვეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გოგონას მამამ განუცხადა, კვირას, მისი სამივე შვილი მეზობელ სოფელ ყარაჯალაში იმყოფებოდა ნათესავთან. „იქიდან რომ ბრუნდებოდნენ, გზაზე თეთრი ფერის „ნოლსემი" დახვდათ, სახელმწიფო ნომრით 270. პატარა ბიჭი, 12 წლის, წიხლებით ცემეს, მეორე გოგონა, რომელიც უფროსია ტალახში გადააგდეს და მესამე ბავშვი წაიყვანეს. იმის მერე ვეძებთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. პოლიციაში განცხადება დავწერეთ. იქ გვითხრეს, რომ თქვენი შვილი საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში ჰყავთო. წავედით იორმუღანლოში, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ჩვენ გვინდა, რომ შვილი გვაჩვენონ, ცოცხალია, მკვდარია, გავიგოთ", - აღნიშნა გატაცებული გოგონას მამამ.
გოგონას პაპის თქმით, ლაგოდეხის პოლიცია მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევს.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას ლაგოდეხის პოლიცია აწარმოებს. რამდენიმე წუთის წინ, გოგონას ოჯახის წევრებს გურჯაანის რაონული პროკურორი შეხვდა, რომელიც მათ დაპირდა, რომ სასწრაფო რეაგირებას მოახდენს.