დედოფლისწყაროში 100 ჰექტარზე ნუშის პლანტაცია გაშენდება. საკრებულოს ინფორმაციით, პროექტის მიზანი ერთის მხრივ მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მეორეს მხრივ კი გაუდაბნოებასთან ბრძოლაა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარული, გარემოსდაცვითი, ბუნებრივი რესურსებისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარემ გელა თეთრაულმა განუცხადა, გასულ წელს, დედოფლისწყაროს რაიონში, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) დაფინანსებით, ნუშის პლანტაცია 12 ჰექტარზე უკვე გაშენდა.
„მართალია ნუშისთვის რთული მეტეოროლოგიური პირობებია, მაგრამ ნუში გვალვას უძლებს და იტალიიდან შემოგვაქვს უფრო გვალვაგამძლე ჯიშები. თუმცა, ქართული ჯიშის ნუში, ყველაზე დიდი რაოდენობის ზეთს შეიცავს. ამიტომ, ჩვენ სანერგე მეურნეობა შევქმენით სოფელ ფიროსმანში და ნერგები გამოგვყავს. 30 000-მდე ნერგი უკვე გამზადებულია დასარგავად. ჩვენ ვაპირებთ ნუშის პლანტაცია 100 ჰექტარზე გავაშენოთ. ბაზარს ნუშისთვის 70% ადგილი აქვს დათმობილი. ბაზარში, 1 კილოგრამი გატეხილი ნუში 30 ლარი ღირს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი მასივი შევქმნათ, რომ ნუშის სერიოზული რაოდენობა მოვიყვანოთ. ეს კულტურა მომგებიანი იქნება გლეხებისთვისაც და ფერმერებისთვისაც", - განაცხადა გელა თეთრაულმა.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის კორპორაცია სოფელ გამარჯვებაში, 6 ჰექტარზე სადემონსტრაციო ბაღის გაშენებას გეგმავს, სადაც 6 ჯიშის ნუშს გამოსცდიან.
„სადემონსტრაციო ბაღთან ერთად სანერგე სისტემის მოწყობაც იგეგმება, სადაც წვეთოვანი საირიგაციო სისტემებიც დამონტაჟდება. სოფელ გამარჯვების მსგავსად, ხეხილის ბაღების გაშენება დედოფლისწყაროს ალაზნისპირა სოფლებშიც იგეგმება. სოფელ საბათლოში ყურძენი ისე ადრე შემოდის, ღვინის ქარხნები ჯერ გახსნილი არ არის ხოლმე, გლეხები ყურძნის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ამიტომ, ურჩევიათ ვაზი სხვა კულტურით ჩაანაცვლონ", - აღნიშნა თეთრაულმა.