9 მარტის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს დირექტორის ქეთი ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით საფრანგეთში, ქ. კანში დაგეგმილ უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაში - MIPIM 2012- მონაწილეობს, რომელიც ყოველწლიურად 6000-ზე მეტ კომპანიას აძლევს შესაძლებლობას წარმოადგინონ საკუთარი პროექტები და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები მსოფლიოში წამყვან არქიტექტორებთან, მშენებლებთან, დეველოპერებსა და დიზაინერებთან. უძრავი ქონების გამოფენაზე საინტერესო პროექტებს წარადგენენ ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ქ. ქუთაისის მერიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საქართველო წარმოდგენილი იქნება საკუთარი სტენდით, სადაც საინვესტიციო სააგენტო წარადგენს უძრავი ქონების სფეროში არსებულ საინვესტიციო შეთავაზებებს მათ შორის საპრივატიზაციო ობიექტებს. გამოფენაზე წარდგენილ იქნება ანაკლიის, მესტიის, წყალტუბოსა და ქ. თბილისის სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები.