საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო ორი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას, რომელიც ორ ქვეყანას შორის სავიზო და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ეხებოდა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბარში ეჭვს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის შესაძლოა რაღაც გარიგებას ჰქონდეს ადგილი.
"ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ ეს ორივე განცხადება გარე მოხმარებისთვის არის გაკეთებული. საქართველოს ხელისუფლებას დასავლელი პარტინიორები მუდმივად უჩიჩინებენ, რომ მან რუსეთთან საერთო ენა უნდა გამოინახოს. აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი, ერთი შეხედვით ლოგიკური იყო ამ კონტექსტში", _ აცხადებს არეშიძე, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის დროს არანაირი პრობლემა არ ექმნებოდათ და ისინი ისედაც საკმაოდ შეღავათიანი პირობებით სარგებლობდნენ ამ სავიზო თვალსაზრისით.
ექსპერტის აზრით, ამასთან ერთად, რუსეთის ხელისუფლებას "კარზე აქვს მომდგარი არჩევნები და გარკვეულწილად დემოკრატიული მანტიის მორგება მასაც აწყობს".
"რუსეთის ხელისუფლებას აწყობს, რომ თქვას: - მე მიუხედავად იმისა რასაც ვამბობდი ადრე, დღეს შევცვალე გადაწყვეტილება, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან არასოდეს არ დავამყარებთ არანაირ ურთიერთოიბას და ვთავაზობ სავიზო რეჟიმის გაუქმებასაც და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასაც", _ აცხადებს არეშიძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველი ეს არის ის, რაც ზედაპირზე დევს, ხოლო რა დგას ამის უკან ექსპერტისათვის "რთული სათქმელია" და მასში გარკვეული ეჭვების საფუძვლებს ბადებს.
"ეს ყველაფერი ეს არის ის რაც ზედაპირზე დევს, ამის უკან რა არის ჩემთვის რთული სათქმელია. ჯერ ერთი - რუსეთის ხელისუფლებამ კი განაცხადა სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ არ გაუუქმებია. მეორე არის ის, რომ მან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ მწვავე პასუხი მიიღო, რომელსაც ალბათ ელოდებოდა კიდეც. მაგრამ მიუხედავად ამისა მე ვიტოვებ უფლებას ეჭვი შევიტანო რაღაც გარიგება ხომ არ ხდება მათ შორის და ეს დაშნის ჩხვლეტები ორივე მხრიდან ხომ არ არის საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებელი პროცესი", _ აცხადებს არეშიძე.
კითხვაზე პახუხის გაცემისას საქართველოსა და რუსეთს შორის რა საკითხზე შეიძლება ხდებოდეს საზოგადოებრივი აზრის მომზადება ექსპერტი პასუხობს, რომ ისევე როგორც ბევრი რამ, ამჟამად ესეც ბუნდოვანია.
"რა საკითხზე შეიძლება მიმდინარეობდეს მაგასაც ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერ ჯერობით ბუნდოვანია, ძალიან ცოტა დრო გავიდა და ბევრი რამის თქმა არ შეიძლება. ზედაპირზე რაც დევს მოგახსენეთ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი ქმედება საერთოდ ამ ეჭვის საფუძველს გვაძლებს ხოლმე. ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში, როგორც ერთი ასევე მეორე მხარე ლაპარაკობდა, რომ ურთიერთობები არ ექნებოდათ. ერთი ამბობდა, თან საკმაოდ კატეგორიულად, რომ სააკაშვილის რეჟიმთან ურთიერთობა არ ექნებოდათ და მეორე ამბობდა, რომ ოკუპაციის პირობებში ჩვენ არავითარ დიპლომატიურ და სხვა ტიპის ურთიერთობებზე არ წავალთ და არ არის გამორიცხული, რომ აი ეს დათქმა რაღაც მომენტში შეიცვალა. ამიტომაც, ეჭვის საფუძველს ვიტოვებ, თუმცა არ მაქვს ისეთი ფაქტიური მასალა რაც ამ ეჭვების გაღვივების საშუალებას მაძლევდეს, მაგრამ ეჭვი მაინც მაქვს", _ აცხადებს მამუკა არეშიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.