ბათუმის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს სკოლებში აუცილებელ საგნად კულტუროლოგია უნდა შემოვიდეს. სააკაშვილის თქმით, ამასთან ერთად, საგნის სახით უნდა შევიდეს სკოლებში სამხედრო-პატრიორული აღზრდა.
"ეს ნაჩქარევად გავაუქმეთ. გვყავს საკმარისი კადრები, რომ სკოლებში ეს დაინერგოს. ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და საქართველოს და ქართველებს თავიანთი სოფლის, ქალაქისა და ქვეყნის დაცვა უნდა შეეძლოთ", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველოში იქმნება სისტემა, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი იქნება ჩართული ქვეყნის საქმეში.