რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ ბარონესა კეტრინ ეშტონის განცხადებას"მნიშვნელოვანს უწოდებს.
როგორც იაკობაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, "კეტრინ ეშტონმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი აუცილებლად გააგრძელებს მონაწილეობას ჟენევის პროცესში".
"რაც მთავარია, მან განაცხადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აუცილებლად უნდა შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ესაა ევროკავშირის პოზიცია, რაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა იაკობაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბარონესა კეტრინ ეშტონის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა განაგრძოს საქართველოს საკითხზე ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობა. მან ევროპარლამენტში მოსმენების დროს ისიც აღნიშნა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებს აფხაზეთისა და ე .წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ.
ბარონესამ ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებზედაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთმა პოზიტიური როლი უნდა შეასრულოს პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული პრობლემების მოგვარებაში.
ეშტონი უახლოეს მომავალში მოსკოვში ვიზიტსაც გეგმავს.