გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრისას, რუსეთს მოუწოდა, „უარი თქვას გერმანიის, ევროპისა და ნატო-ს მიმართ ესკალაციის სახიფათო გზაზე“.
მედიის ცნობით, იოჰან ვადეფული უკვე დიდი ხანია განიხილავდა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესაძლებლობას, რადგან ევროპული ქვეყნები ცდილობენ, უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებში კვლავ ჩაერთონ.
ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვადეფულისა და ლავროვის შეხვედრა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.
მოგვიანებით, გერმანიის დელეგაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვადეფულმა მოსკოვს მოუწოდა, „უარი თქვას გერმანიის, ევროპისა და ნატო-ს წინააღმდეგ ესკალაციის სახიფათო გზაზე“.
გერმანიის მინისტრის თქმით, ისეთი ინციდენტები, როგორიცაა ლაიფციგში თავდასხმის მცდელობა ან სხვა ჰიბრიდული თავდასხმები, ვერ შეარყევს გერმანიის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.
როგორც იუწყებიან, ვადეფულმა ლავროვს ასევე უთხრა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ამჟამინდელი არასახარბიელო მდგომარეობა გერმანიის ინტერესებს არ შეესაბამება. მისი თქმით, კონსტრუქციულ ურთიერთობებზე დაბრუნების შესაძლებლობა ნებისმიერ დროს არსებობს, თუმცა ამის წინაპირობა საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ომის დასრულებაა.
გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში 2022 წლის შემდეგ პირველად გაიმართა. ორივე ქვეყნის წარმომადგენლები სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობდნენ, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე პირდაპირი მოლაპარაკებები არ გამართულა.