აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ზამთრის დადგომამდეც გაფორმდეს.
ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განიხილა თუ არა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან Patriot-ის“ რაკეტების საკითხი, თუმცა მან პასუხად უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო შეთანხმებაზე ისაუბრა.
„მე მას [ზელენსკის] ვესაუბრე და ის თანახმაა, პუტინიც თანახმაა. ერთ დღეს, იმედია, არც ისე შორეულ მომავალში, შესაძლოა, მკაცრი ზამთრის დადგომამდეც კი, ისინი შეთანხმებას მიაღწევენ“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ სურს, ზელენსკიმ რუსეთთან შეთანხმებას მიაღწიოს.
„იცით, რა მინდა ზელენსკისგან? მინდა, რომ მან შეთანხმებას მიაღწიოს. მინდა, რომ მან პუტინთან შეთანხმებას მიაღწიოს და მინდა, რომ პუტინმა ზელენსკისთან შეთანხმებას მიაღწიოს“, - განაცხადა ტრამპმა.