"დემოკრატიული მოძრაობის" შეფასებით, სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მორიგი პოლიტიკური ფანდია.
როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "დემოკრატიული მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ ჩანდა, რომ სააკაშვილმა დაიჯერა რომ პუტინი პრეზიდენტი გახდება და აშშ-ს პრეზიდენტის რჩევას ყური დაუგდო, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ეხება.
ყოლბაიასთვის გაუგებარია, რას ნიშნავს სავიზო რეჟიმის გაუქმება, მაშინ როდესაც საქართველოს პირველი პირები რუსეთის მოქალაქეებს ტერაქტების მომზადებასა და დესტაბილიზაციის შექმნაში სდებენ ბრალს.
"რუსეთის მოქალაქეებისთვის პრობელმას სავიზო რეჟიმი არ წარმოადგენს, არამედ პრობლემაა ის დამოკიდებულება, რომელსაც ხელისუფლება მათ მიმართ იჩენს", - აცხადებს პარტიის გენერალური მდივანი.
მისივე შეფასებით, სააკაშვილის აღნიშნული ინიციატივა პოლიტიკური ფანდია და მას სურს ვიღაცას დააჯეროს, რომ რუსეთს იგი ხელს უწვდის.